სარჩევი
ვინ ვართ
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა (შემდგომში — „პოლიტიკა“) განსაზღვრავს, თუ როგორ აგროვებს, იყენებს, ინახავს და იცავს შპს „მერანი ტაქსი“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 425062424; იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. ბაღდათი, მერაბ კოსტავას I ჩიხი, N 5; შემდგომში — „კომპანია“) პერსონალურ მონაცემებს ბაღდათის ტაქსის პლატფორმის გამოყენებისას.
კომპანია არის თქვენი მონაცემების დამმუშავებელი. პოლიტიკა მოქმედებს საქართველოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად.
ვისზე ვრცელდება
პოლიტიკა ვრცელდება:
- მგზავრებზე — ვინც ტაქსს იძახებს ბაღდათის ტაქსის აპლიკაციით ან ვებგვერდით, ან ტელეფონით, ოპერატორის მეშვეობით;
- მძღოლებზე — ვინც რეგისტრირდება და მუშაობს მძღოლის აპლიკაციით.
თუ ერთსა და იმავე ნომერს იყენებთ როგორც მგზავრი, ისე მძღოლი, ორივე ნაწილი თქვენზე ვრცელდება.
მგზავრის მონაცემები
ანგარიში
- მობილური ტელეფონის ნომერი და პაროლი (სისტემაში შესვლა ხდება ნომრითა და პაროლით; SMS კოდით მხოლოდ ნომერი დასტურდება — რეგისტრაციისას და პაროლის აღდგენისას);
- მუნიციპალიტეტი (არასავალდებულო, თუ პროფილში მიუთითებთ).
მგზავრის სახელს, გვარს, პირად ნომერს ან ელფოსტას არ ვითხოვთ.
შეკვეთები
- აყვანისა და დანიშნულების (და დამატებითი გაჩერების) მისამართები და კოორდინატები;
- შეკვეთის დრო (მათ შორის წინასწარ დაგეგმილი), მანქანის ტიპი, ფასი და სტატუსები;
- მძღოლისთვის დატოვებული კომენტარი (ის მძღოლს უჩანს);
- გაუქმების მიზეზი და კომენტარი, თუ შეკვეთას გააუქმებთ.
ლოკაცია
თქვენი ნებართვით მოწყობილობის ლოკაცია გამოიყენება რუკაზე თქვენი ადგილმდებარეობის საჩვენებლად და აყვანის წერტილის შესარჩევად. სერვერზე ინახება მხოლოდ შეკვეთაში მითითებული მისამართები და კოორდინატები — თქვენს მოძრაობას მგზავრობის დროს არ ვაკონტროლებთ.
კომუნიკაცია და შეფასებები
- აპლიკაციაში მძღოლთან გადაცვლილი მესიჯები (ჩატი);
- თქვენ მიერ მძღოლისთვის მიცემული შეფასებები და კომენტარები;
- მძღოლების მიერ თქვენთვის მიცემული შეფასებები (პუნქტუალობა, ქცევა, სისუფთავე, მარშრუტიდან გადახვევა) და კომენტარები.
ტელეფონით შეკვეთა
თუ ტაქსს ოპერატორთან დარეკვით უკვეთავთ, ოპერატორი იწერს თქვენს ტელეფონის ნომერს და შეკვეთის დეტალებს. ოპერატორის მიერ მიღებულ ყოველ შეკვეთაზე SMS შეტყობინებას ვაგზავნით შეკვეთის სტატუსის შესახებ (შეკვეთა მიღებულია, მძღოლი გამოვიდა, მძღოლი მოვიდა, მგზავრობა დასრულდა, თავისუფალი მძღოლი ვერ მოიძებნა) — მიუხედავად იმისა, სარგებლობთ თუ არა აპლიკაციითაც. თუ მოგვიანებით იმავე ნომრით დარეგისტრირდებით, წინა შეკვეთები თქვენს ანგარიშს დაუკავშირდება.
გადახდა
ამჟამად ერთადერთი გადახდის მეთოდია ნაღდი ფული — მგზავრობის საფასური უშუალოდ მძღოლს ეხდება. საბანკო ბარათის მონაცემებს არ ვაგროვებთ.
მძღოლის მონაცემები
იდენტიფიკაციის მონაცემები
- სახელი და გვარი;
- პირადი ნომერი (11 ციფრი);
- მობილური ტელეფონის ნომერი;
- საცხოვრებელი მუნიციპალიტეტი და სოფელი;
- მართვის უფლების მოწმობის ნომერი და კატეგორიები;
- პირადობის მოწმობის ფოტო;
- მართვის უფლების მოწმობის ფოტოები (წინა და უკანა მხარე).
ავტომობილის მონაცემები
- მარკა, მოდელი, ფერი, სახელმწიფო ნომერი;
- ტექნიკური პასპორტის მონაცემები და ფოტოები (წინა და უკანა მხარე);
- მანქანის ტიპი (ეკონომი / მინივენი).
გეოლოკაციური მონაცემები
ვაგროვებთ თქვენი მოწყობილობის რეალურ ლოკაციას მხოლოდ მაშინ, როდესაც აპლიკაციაში „ხაზზე“ ხართ ან მონაწილეობთ მგზავრობაში. აპლიკაცია ლოკაციას ფონურ რეჟიმში არ აგროვებს. ლოკაცია გამოიყენება დისპეტჩერული მუშაობისთვის (მგზავრთან მანძილისა და რეიტინგის გათვალისწინებით დასაკავშირებლად) და მგზავრობის თვალის სადევნებლად.
პლატფორმის გამოყენების მონაცემები
- მგზავრობის ისტორია, სტატუსები, თარიღი/დრო, მარშრუტი;
- მგზავრების მიერ მოცემული შეფასებები და კომენტარები;
- თქვენ მიერ მგზავრებისთვის მიცემული შეფასებები და კომენტარები;
- აპლიკაციაში მგზავრთან გადაცვლილი მესიჯები (ჩატი);
- მიღებული და გაუქმებული შეთავაზებების სტატისტიკა.
ფინანსური მონაცემები
- დარიცხული და გადახდილი საკომისიოს ისტორია.
ტექნიკური მონაცემები
- ავტორიზაციის მოვლენების ჟურნალი (ტელეფონის ნომერი, დრო, შედეგი, IP მისამართი, ბრაუზერის ან მოწყობილობის ინფორმაცია);
- გაგზავნილი SMS შეტყობინებების ჟურნალი (ტელეფონის ნომერი და შეტყობინების ტექსტი);
- შეცდომების ჟურნალები (დიაგნოსტიკისთვის).
სარეკლამო ან მესამე მხარის ანალიტიკურ ინსტრუმენტებს არ ვიყენებთ. ბრაუზერში და აპლიკაციაში ინახება მხოლოდ სერვისის მუშაობისთვის საჭირო ინფორმაცია (მაგ. სისტემაში შესვლის სესია, დაუსრულებელი შეკვეთა).
რა მიზნით ვიყენებთ მონაცემებს
თქვენი მონაცემები გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის:
- თქვენი ანგარიშის შექმნა და მართვა;
- ტაქსის შეკვეთის მიღება და მგზავრის მძღოლთან დაკავშირება მანძილისა და რეიტინგის გათვალისწინებით;
- მარშრუტის, მანძილისა და ფასის გამოთვლა;
- მძღოლის ვინაობის და უფლებამოსილების დადასტურება (KYC);
- მგზავრობების მონიტორინგი და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- შეფასებების სისტემა — მგზავრებისა და მძღოლების რეიტინგის გამოთვლა;
- საკომისიოს გამოთვლა და ანგარიშსწორება;
- დავების და საჩივრების გადაწყვეტა;
- თაღლითობის და დაბლოკვის გვერდის ავლის თავიდან აცილება;
- სერვისის ხარისხის გაუმჯობესება;
- SMS შეტყობინებების გაგზავნა (ნომრის დადასტურების კოდი, შეკვეთის სტატუსი და სხვ.);
- კანონისმიერი ვალდებულებების შესრულება (გადასახადები, სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნა).
შეფასებები რეიტინგში აისახება არანაკლებ 48 საათის შემდეგ, რომ შეფასებული ვერ მიხვდეს, კონკრეტულად რომელმა მგზავრობამ ან ვინ შეაფასა.
დამუშავების სამართლებრივი საფუძველი
- ხელშეკრულების შესრულება — შეკვეთის მიღება, მძღოლთან დაკავშირება, მგზავრობა და ანგარიშსწორება;
- კანონისმიერი ვალდებულება — საგადასახადო და ბუღალტრული ჩანაწერები, სამართალდამცავი ორგანოების კანონიერი მოთხოვნები;
- კანონიერი ინტერესი — უსაფრთხოება, თაღლითობის თავიდან აცილება, შეფასებების სისტემა, დავების გადაწყვეტა და გადაუხდელი საკომისიოს ამოღება;
- თანხმობა — მოწყობილობის ლოკაციაზე, კამერასა და ფოტოებზე წვდომა. ნებართვის გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოწყობილობის პარამეტრებიდან, თუმცა მის გარეშე ზოგიერთი ფუნქცია არ იმუშავებს.
მონაცემთა შენახვის ვადა
თქვენს მონაცემებს ვინახავთ, სანამ ანგარიში აქტიურია. ანგარიშის წაშლისას მონაცემები იშლება ან აღარ უკავშირდება თქვენს ვინაობას, როგორც ეს ქვემოთაა აღწერილი; ზოგიერთ ჩანაწერს ვინახავთ იმ ვადით, რასაც მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა (მაგ. საგადასახადო ან საფინანსო ჩანაწერები).
ანგარიშის წაშლის შემდეგ
ანგარიშის წაშლა შეგიძლიათ პირდაპირ აპლიკაციიდან, პროფილის გვერდზე. მგზავრის ანგარიშის წაშლა შლის იმავე ანგარიშზე არსებულ მძღოლის პროფილსაც (მძღოლის ანგარიშის წაშლა მგზავრის ანგარიშს არ შლის).
წაშლის მოთხოვნისთანავე ანგარიში ითიშება (მძღოლი შეკვეთებს აღარ იღებს და დისპეტჩერიზაციიდან ქრება, მგზავრი ვეღარ უკვეთავს ტაქსის), ხოლო მონაცემები საბოლოოდ იშლება 30 დღის შემდეგ. ამ 30 დღის განმავლობაში აპლიკაციაში შესვლისას შემოგთავაზებთ ანგარიშის აღდგენას; 30 დღის შემდეგ აღდგენა აღარ არის შესაძლებელი. საბოლოო წაშლისას იშლება:
- სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
- ტელეფონის ნომერი და ავტორიზაციის მონაცემები;
- მართვის მოწმობის, პირადობის მოწმობის და ტექნიკური პასპორტის ფოტოები;
- ლოკაციის ისტორია (ცოცხალი GPS ლოკაცია);
- თქვენ მიერ გაგზავნილი ჩატის მესიჯები (მეორე მხარის მესიჯები არ იშლება);
- თქვენ შესახებ დაწერილი ცალკეული შეფასებები;
- მგზავრობების მისამართების დასახელებები (აყვანის, დანიშნულების და დამატებითი გაჩერების) და თქვენი კომენტარები მგზავრობებზე;
- თქვენთვის გაგზავნილი SMS შეტყობინებების ჟურნალი;
- ავტომობილის სახელმწიფო ნომერი, მარკა, მოდელი, ფერი და ტექნიკური პასპორტის ნომერი.
წაშლის შემდეგ ვინახავთ შემდეგ ჩანაწერებს, რომლებიც აღარ არის დაკავშირებული თქვენს ვინაობასთან:
- მგზავრობებისა და ანგარიშსწორების ჩანაწერები (თანხა, დრო) — საქართველოს კანონმდებლობით და საგადასახადო ვალდებულებების შესასრულებლად, კანონით დადგენილი ვადით;
- მგზავრობების კოორდინატები (აყვანის, დანიშნულების და დამატებითი გაჩერების წერტილები და მარშრუტი) — ოპერაციული სტატისტიკისთვის.
მძღოლის შემთხვევაში ანგარიშის წაშლა არ აუქმებს გადაუხდელ საკომისიოს. თუ საბოლოო წაშლის მომენტში მძღოლს გადაუხდელი საკომისიო აქვს, დავალიანების ამოსაღებად კანონიერი ინტერესის საფუძველზე (სამართლებრივი მოთხოვნის დადგენა და დაცვა) ვინახავთ მხოლოდ მის სახელს, გვარს, პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს და დავალიანების ოდენობას — დანარჩენი ჩვეულებრივ იშლება. ეს მონაცემები იშლება დავალიანების დაფარვისთანავე (ან ახალ ანგარიშზე გადატანისთანავე), და არაუგვიანეს 3 წლისა (ხანდაზმულობის ვადა).
თაღლითობის თავიდან ასაცილებლად — რომ ანგარიშის წაშლით არ მოხდეს დაბლოკვის, დაბალი რეიტინგის ან ვალის „განულება“ — კანონიერი ინტერესის საფუძველზე ვინახავთ:
- ტელეფონის ნომრისა და (მძღოლის შემთხვევაში) პირადი ნომრის ცალმხრივ დაშიფრულ ანაბეჭდს. მისგან ნომრის აღდგენა შეუძლებელია — ის მხოლოდ იმის დასადგენად გამოიყენება, ხომ არ რეგისტრირდება იგივე პირი ხელახლა;
- რეიტინგის შეჯამებულ მაჩვენებელს (საშუალო ქულები და შეფასებების რაოდენობა);
- გადაუხდელი საკომისიოს ოდენობას და ანგარიშის დაბლოკვის ფაქტს.
ხელახალი რეგისტრაციისას წინა რეიტინგი და გადაუხდელი საკომისიო გადმოდის ახალ ანგარიშზე, ხოლო დაბლოკილ პირს რეგისტრაციაზე უარი ეთქმება. წინა პროფილი, დოკუმენტები, მგზავრობების ისტორია და მიმოწერა არ აღდგება. დაწვრილებით: ანგარიშის წაშლა.
თქვენი უფლებები
საქართველოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება:
- მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების შესახებ;
- მოითხოვოთ არასწორი მონაცემების შესწორება;
- მოითხოვოთ მონაცემების წაშლა (იურიდიული შენახვის ვალდებულების ფარგლებში) — ანგარიშის წაშლა ასევე შესაძლებელია პირდაპირ აპლიკაციიდან;
- გააპროტესტოთ მონაცემთა დამუშავება;
- მოითხოვოთ თქვენი მონაცემების ექსპორტი;
- გაიყვანოთ თქვენი თანხმობა (გარდა საკომისიოს გადახდის და ანგარიშის დახურვის ვალდებულებებისა).
თქვენი უფლებების განსახორციელებლად დაგვიკავშირდით: gio.matchavariani@gmail.com. მოთხოვნას განვიხილავთ ვინაობის დადასტურების შემდეგ, არაუგვიანეს 30 დღისა.
თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
მონაცემთა უსაფრთხოება
კომპანია იყენებს შემდეგ ზომებს თქვენი მონაცემების დასაცავად:
- დაშიფრული კავშირი (HTTPS/TLS) აპლიკაციასა, ვებგვერდსა და ჩვენს სერვერებს შორის;
- დაცული ღრუბლოვანი საცავი KYC დოკუმენტებისთვის (მხოლოდ უფლებამოსილ პერსონალს აქვს წვდომა);
- ავტორიზაცია ტელეფონის ნომრითა და პაროლით; ნომრის დადასტურება SMS კოდით;
- დაშვების ჟურნალები და მონიტორინგი;
- თანამშრომელთა ვალდებულება არ გაამხილონ თქვენი მონაცემები.
მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს. გთხოვთ, თქვენი მხრიდანაც დაიცვათ ანგარიშის წვდომა (პაროლი) მესამე პირებისგან.
პოლიტიკის ცვლილებები
წინამდებარე პოლიტიკა შეიძლება განახლდეს. მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ მიიღებთ შეტყობინებას აპლიკაციით ან SMS-ით. ბოლო განახლების თარიღი მითითებულია დოკუმენტის თავში.
საკონტაქტო ინფორმაცია
კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული შეკითხვებისთვის:
- ელფოსტა: gio.matchavariani@gmail.com
- ტელეფონი: 0706 706 206
- მისამართი: საქართველო, ქ. ბაღდათი, მერაბ კოსტავას I ჩიხი, N 5